ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის რისკი არსებობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული რისკის წინაშე აყენებს, რადგან შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.

„რასაკვირველია, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი. „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა სინგაპურის შემთხვევა, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და შენობის გარეთ პირბადეს ატარებს, ამიტომ ეს ქვეყანა იდეალურად მიიჩნევა და სამიზნეც ის არის. ამიტომ, ჩვენ 43% ძალიან სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს. მართალია დღეს ტესტირების რაოდენობა მაღალია, მაგრამ დღეს 537 ადამიანია ინფიცირებული, რაც ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია. ყველა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, ზედამხედველობას ვგულისხმობ და არა შეზღუდვების შემოღებას. რაც არის გახსნითი ღონისძიებები, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ რეგულაციების კონტროლი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, ზამთრის კურორტები თუ სხვა. არ დაგვავიწყდეს, 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში, რაც აგვისტოს თვეში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა კვლავ რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და მასშტაბური შეკრებებისგან თავის არიდება.

„ძალიან უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ. ვაქცინაციის კი იმედით ვუყურებთ, მაგრამ მაგალითად, ნორვეგიასა და იტალიაში მოსახლეობის თითქმის 10% აცრილია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10% რომ ვიგულისხმოთ, 300 ათასი ადამიანი მაინც უნდა იყოს აცრილი, ჯერ ამ ციფრამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ერთადერთ იარაღად ჯერ მაინც გვრჩება სოციალური ქცევისგან თავშეკავება, არა შეკრებები, არა სტუმრად სიარული, სადაც საჭირო არ არის და პირბადის ტარება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, ასე უნდა მოვიქცეთ. თუ ქვეყანას ამაში არ შევეხიდებით, მაშინ დაგვემართება ის, რაც ორჯერ უკვე გადავიტანეთ“,-აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი შეფასებით, ევროპის ქვეყნები პრევენციის მიზნით აწესებენ რიგ შეზღუდვებს, რომ ე.წ. მესამე ტალღის შემთხვევაში, კლინიკები არ გადაიტვირთოს.

„ისინი პრევენციის თვალსაზრისით აკეთებენ, რომ მესამე ტალღა მასტაბური არ იყოს და კლინიკების გადატვირთულობა არ გამოიწვიოს. თუმდა, იტალიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა ძალიან ახლოს არის შემცირებასთან, ბრაზილიაშიც იგივე სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი ვარიანტები ამ რისკს ერთი-ორად ზრდის. ამიტომ, ყველას მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის პასუხისმებელი სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან ერთად, პანდემია როგორ წარიმართება, ეპიდვითარების გაუარესებაც ჩვენს ხელშია და გაუმჯობესებაც“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, იტალიაში აღდგომის დღესასწაულზე, შაბათ-კვირის საყოველთაო „ლოქდაუნის“ დაწესება იგეგმება. Reuters-ის ცნობით, 3 აპრილიდან 5 აპრილამდე ~ყველა არააუცილებელი მაღაზია დაიხურება, იტალიელებს კი სახლებიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასვლის ან სხვა გადაუდებელი მიზეზის შემთხვევაში ექნებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს