ირაკლი ბერაია - მივესალმებით ალიანსის ხილვადობას და მის გაზრდილ სამხედრო ყოფნას რეგიონში, საქართველოში, ხმელეთზე, ჰაერში და შავ ზღვაში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება ნატო-ს მუდმივმოქმედი მე-2 საზღვაო შენაერთი, მისი 4 სამხედრო ხომალდი. ამ ვიზიტის მიზანია, საქართველოს სანაპირო დაცვასა და ალიანსის მოკავშირეების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთავსებადობის ამაღლება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბერაიამ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობაზე, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების ვიზიტებზე და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებზე გაამახვილა ყურადღება.

„პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს უმნიშვნელოვანესი საპორტო ვიზიტი, ჩვენს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცეს და მასშტაბებს, ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, მნიშვნელობას და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გზავნილს და ქმედით ნაბიჯს.

ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტები საქართველოში რეგულარულად ხორციელდება და შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ადასტურებს. 2019 წელს არაერთი ასეთი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო და ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთები. 2020 წელსაც, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ევროატლანტიკურ სივრცეში და რეგიონში, ხელი ვერ შეუშალა ასეთი ვიზიტის განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით ალიანსის ხილვადობას და მის გაზრდილ სამხედრო ყოფნას რეგიონში, საქართველოში, ხმელეთზე, ჰაერში და შავ ზღვაში. ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და მორეაგირე ძალებში მონაწილეობასთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართულობით საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. შავი ზღვის, და შესაბამისად ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება შეუძლებელია საქართველოს აქტიური ჩართულობის გარეშე.

საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფო, ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავსებადობით გამორჩეული პარტნიორი და მისი ევროატლანტიკური კურსი ეფუძნება ქართველი ხალხის ურყევ ნებას და მოქალაქეების ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს. საქართველო არასდროს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს და ამაზე მეტყველებს ნატო-სთან თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ასპექტები. ნატო-ს ყველა სამიტი იმეორებს და ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სამიტებსა და მინისტერიალებში. ისინი სრულდება საქართველოსთვის მნიშნველოვანი შედეგებით, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი ნაბიჯებით, რაც ალიანსის მოკავშირეების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. მათ შორისაა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომები, ნატო-საქართველოს განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კომისიის 6 სხდომა გაიმართა.

„საქართველოში გახშირდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის, უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირების და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტები. გენერალური მდივნის მნიშვნელოვან გზავნილებს განეკუთვნება, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ალიანსის გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს; რომ საქართველოსთან პარტნიორობით ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ყველა გრძნობს თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად; და რომ საქართველო მოემზადოს ალიანსში გაწევრებისთვის. ჩვენს ქვეყანას, როგორც ნატო-ს მთავარ ასპირანტ-სახელმწიფოს, ჯერ კიდევ პარტნიორობის ეტაპზე, ცალკეულ მოკავშირეებზე მეტი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსში გაწევრიანების მისწრაფება ემყარება ჩვენი ხალხის ნებას და ფასეულობებს, ამავდროულად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვის და გაღრმავების მზაობას და შესაძლებლობას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს და კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა