ლადო კახაძე - ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის ასეთი დიდი, გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირში გამარჯვებას.

მან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მის მშობლებსა და გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.

„მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ვისაც ამ გამარჯვებამ სიხარული და სიამოვნება მიანიჭა, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არამარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა და შეკავშირებაცაა“, - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა. პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს ტაი-ბრეიკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო