წულუკიანი ელისაშვილს - თქვენ თქვით, რომ პარლამენტში დევს 90 მუთაქა: მუთაქები ეს ჩვენ ვართ, მაგრამ თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ - რა გაცინებთ? თქვენს ადგილზე, დილიდან საღამომდე ვიტირებდი

რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც ერთადერთი წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო, - ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომაზე.

მან ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაახსენა, რომლის თქმითაც: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, სამოცი მგელი, რომ შევალთ, იქ ნახეთ რას დავატრიალებთ!“ და აღნიშნა, რომ პარლამენტში არის 90 მუთაქა, მაგრამ ოპოზიციას მგლობის არაფერი ეტყობა.

წულუკიანმა ელისაშვილს არაკომპეტენტური უწოდა.

„არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ამ დარბაზში განცხადება, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ბატონო ალეკო, თქვენ მოგმართავთ. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით, ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ შენდება, მიუღებელია. თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში მოსვლამდე გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები და „სამოცი მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო“, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ. ესე იგი, თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი პატივისცემით მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.

თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა! შესაბამისად, ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს და მითუმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს,“- განაცხადა წულუკიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს.

„მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე, იმიტომ, რომ თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა,“- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი. როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ