გიგი უგულავა - იმ „რაზგონით“, რა „რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს

დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს“,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ირაკლი კობახიძისგან „ასეთი გამოხტომები არაკონსტრუქციულია“.

„როდესაც ასეთი მძაფრი კრიზისია და მოლაპარაკებები ასეთი მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი გამოხტომები ძალიან არაკონსტრუქციულია, ალბათ მიზნად ისახავს ჩაშლას, ან საკუთარ მაყურებელზეა გათვლილი, რომ მაგარი ბიჭები არიან, ან დავალებით მოქმედებს. ამის გარკვევას აზრი არ აქვს, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მხოლოდ მის ტყუილებზე ვისაუბრებ.

იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და „რაზგონით“, რა „რაზგონითაც“ ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან.

აღარ შევალ შეფასებებში, როგორ ვუყურებ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, მთლიანად „ქოცობას“ როგორც მოვლენას. ამ ნაწილში ვერასდროს შევთანხმდებით. ჩემთვის დარჩებიან საზიზღრობად, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს და უნდა მოვიშოროთ. ამიტომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებით მშვიდობიანად მოხდეს ცვლილებები, ქვეყანა განვითარების გზაზე გადავიდეს. დიახ, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ეს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სადისტური მიდრეკილების ადამიანები მმართავენ ქვეყანას. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის“,-აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან.

მისივე განმარტებით, „აღიარებული დამნაშავეები რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“.

მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულებები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი ვერ ბედავს, ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა