ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ - ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში

ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ, ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იმის ძალიან მკაფიო დასტური იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისარს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ასოცირების საბჭოს წევრებს ჩართულობისთვის. დღევანდელი საბჭო არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ურთიერთობებში კოვიდის გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ, ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში.

პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იყო იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის, 2024 წლისთვის გავაკეთოთ სრულყოფილი და სრულუფლებიანი წევრობის განაცხადი. ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმსხვილესი დონორია საქართველოს განვითარების სფეროში, ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უწევს, განსაკუთრებით, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან, ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის შედეგების თავიდან დაღწევის და რეფორმების პროგრამის განხორციელების კუთხით. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, ჩვენ მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, ენერგოეფექტურობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე ისაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება იყო დაცული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა კიდევ უფრო დინამიური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირის და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომ ფიზიკური დისტანცია შემცირდეს, განსხვავებები შემცირდეს საქართველოს და ევროკავშირს შორის, საქართველოს მეტი შესაძლებლობები სჭირდება უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან. ჩვენთვის, ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა, საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანი ალტენატიული სატრანსპორტო ჰაბი, ჩვენ დაკავშირებადობას უზრუნველვყოფთ ევროპასა და აზიას შორის და ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ასევე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საერთაშორისოდ არაღიარებული საზღვრების ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი, რუსეთი ახდენს ოკუპირებას და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ეს განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხდება საერთოდ უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების კონტექსტში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბატონი ზაზა გახელაძის დაკავება მათ შორის და მინდა დავასრულო ჩემი გამოსვლა მადლობის თქმით, მადლობას გიხდით ორივეს და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე საქართველოში გიხილავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

იხილეთ ვიდეო:ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში - ირაკლი ღარიბაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო