შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები -  არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულები - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, ადვოკატებმა ბრალდებულებთან კონსულტაცია გაიარეს, რის შემდეგაც, ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი საქმის განხილვა ნაფის მსაჯულთა სასამართლოს არ მიანდონ.

როგორც მამულაშვილი განმარტავს, ბრალდებულების სხვა ეპიზოდზე - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მათი დამნაშავედ ცნობა, ნაფიც მსაჯულებზეც იქონიებს გავლენას, რომლებმაც სამ ბრალდებულს ძალადობის ნაწილში ვერდიქტი უნდა გამოუტანონ.

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მეშვეობით საქმის განხილვა ბრალდებულთა ექსკლუზიური უფლებაა და ბრალდებულების გადასაწყვეტია, განიხილოს თუ არა საკუთარი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობით, ვინაიდან მკვლელობის ბრალდების საქმეზე ყოვლად უკანონო, დაუსაბუთებელი და თვითნებული გადაწყვეტილება დადგა, ჩვენი კონსულტაციის შედეგად, მაღალი ალბათობით, ბრალდებულები დღესვე უარს იტყვიან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და საქმე დაუბრუნდება მცხეთის რაიონულ სასამართლოს. რაც შეეხება მიზეზს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი სასამართლოა, სადაც უბრალო ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და არავისგან, არაფრისგან გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულების მიმართ სხვა ეპიზოდზე უკანონო გადაწყვეტილება გამოვიდა, ეს პირდაპირ პროპორციულად იმოქმედებს მათ დამოუკიდებლობაზე და გავლენის მომხდენი იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საქმე გაუქმდება, თუმცა, გაუქმების შემდეგ, ვეღარ ავუხნით ნაფიც მსაჯულებს, რომ თურმე, ეს უკანონო გადაწყვეტილება ყოფილა და არ უნდა გაეთვალისინებინათ ის განაჩენი.

მცხეთის სასამართლოში უარესი მდგომარეობა დაგვხვდება, სავარაუდოდ, ეს საქმე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს დაეწერება, რომელიც შემსრულებელი, გამოცდილი მონაა, ჩვენ მონათმფლობელურ საზოგადოებაში არ ვართ, თუმცა, სასამართლო სისტემაში დღემდე არიან მონები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. მათ შორის, სტურუა არის ახლად გამომცხვარი მონა, თუმცა, ფუხაშვილი ამ წლების განმავლობაში უსიტყვოდ ასრულებდა სხვადასხვა მითითებებს, ეს დაუფასეს და მცხეთის სასამართლოში უვადოდაა განმწესებული. მცხეთის სასამართლოთი არ დაწყებულა არც სამართალი და არც სამართლიანობა და არც სრულდება. ჩვენ ყველა ინსტანციას მოვივლით და ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის წარდგენის შემდეგ, კონვენციის რამდენიმე ნორმის დარღვევის დადგენის შემდეგ, იქნება აღიარება თუ რა მართლმსაჯულება, რა სისტემა გვაქვს და ეს საქმე გახდება იმის საფუძველი, დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში. თუ კონვენციის რამდენიმე ნორმის დარღვევა დადგინდება, ეს საფუძველი გახდება აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულება დამატებით განხორციელდეს, გახდება საფუძველი უკვე დასრულებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვის“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. აღნიშნულ ეპიზოდზე ასევე ბრალდებულია კიდევ 8 სრულწლოვანი პირი, რომელთა საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო