ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 17 მარტს, რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და იანვარში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში წლიურად 12 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და 3 პროცენტით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო