„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი.

„00:04 საათზე, ახალციხის ქვესადგურში ავარიული გამორთვის გამო, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა და ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობას, თბილისს, ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონს. იმ დროისთვის საქართველოს მოხმარება იყოს 1800 მეგავატი, აქედან 60% იმპორტზე მოდიოდა. ესაა იმპორტის უპრეცედენტო მოცულობები. იმპორტი სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხორციელდებოდა. ასეთ სიტუაციაში პატარა ავარიაც კი იწვევს მომხმარებლის ავტომატურ რეჟიმში გათიშვას. ამ დროისთვის ენერგომომარაგება სრულადაა აღდგენილი და იმედი გვაქვს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება",- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტზე გაზრდილი დამოკიდებულება ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და გამოსავალი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა.

„მოხმარება იზრდება, ჩვენი გენერაცია ვერ ეწევა, რაც იმპორტს ზრდის. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში წუხელ ელექტროენერგია გაითიშა.

როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში " განმარტეს, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და შედეგად, ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა