დეპუტატებმა კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას  მხარი დაუჭირეს

კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას და მასთან დაკავშირებულ ინიაციატივებს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

“სისხლის სამართლის კოდექსს” ემატება ორი ახალი დანაშაული: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა. კანონის პროექტით, აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობა და სანქციები განისაზღვრება.

კანონპროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული მუხლები უზრუნველყოფენ კანონმდებლობაში ისეთი დანაშაულების სრულყოფილად ასახვას, როგორიცაა კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა და კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბება.

მუხლი, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, დასჯად ქმედებად აცხადებს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმას, შეცვლას, წაშლას, დაფარვას ან/და კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევას თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარის ზევით მიყენებული ზიანი, ხოლო დიდ ოდენობად - 10 000 ლარის ზევით მიყენებული ზიანი.

კანონპროექტის მიხედვით, ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემების მიღებას, მის ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, ან მის გასაღებას და გამოყენებას. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-წლამდე, ხოლო ჩადენილი არაერთგზის ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთით ვადოთ 3-დან 6-წლამდე.

“სისხლი სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, პირველი მოსმენით, 76 ხმით მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა