ვატო სურგულაძე - სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის მიმართვა შეცდომა იყო და ეკლესიამ გასცა ის პასუხი, რაც უნდა გაეცა, ვაქცინაციის პროპაგანდა მათი საქმე არ არის

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის მიმართვა იყო შეცდომა და ეკლესიამ გასცა ის პასუხი რაც უნდა გაეცა - არ არის ვაქცინაციის პროპაგანდა მათი საქმე, ეს არ არის სასულიერო პირების ფუნქცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით.

მისივე შეფასებით, ეკლესიის მხრიდან აღნიშნულმა განცხადებამ, შესაძლოა, მოსახლეობაში უფრო ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს.

„ეკლესიის საქმე არ არის ეს და ჯანდაცვის ხელმძღვანელების მიერ გუშინდელი მიმართვა, რომ ეკლესია დაგვეხმაროსო, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მომენტი იყო. ეს ეკლესიის რა საქმეა?! ეს არის სახელმწიფოს საქმე. იანვარში უნდა დაეწყო სახელმწიფოს აქტიური პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანია, ყველა დავეხმარებით. ეკლესიის საქმე არ არის ვაქცინის პროპაგანდა. გუშინდელი მიმართვა არანაირად არ იყო საჭირო, არ გამოვრიცხავ, რომ ამით შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი მიიღონ. ყველამ თავის საქმე აკეთოს: ეკლესიამ თავისი საქმე აკეთოს, მინისტრმა თავისი საქმე აკეთოს და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან მიმართვა იყო შეცდომა და ეკლესიამ გასცა ის პასუხი რაც უნდა გაეცა - არ არის ვაქცინაციის პროპაგანდა მათი საქმე, ეს არ არის სასულიერო პირების ფუნქცია.

მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს უფრო ნეგატიურ გავლენას ვიდრე დადებითს - ეს არის ჩემი მოსაზრება. სულ არ იყო საჭირო ეკლესიას რაიმე კომენტარი გააკეთებინა ვაქცინაციის პროცესზე, არ არის ამის საჭიროება, სხვა გზები და სხვა მეთოდები არსებობს, რომ ვაქცინისადმი უნდობლობა დაყვანილი იყოს მინიმუმამდე“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო