"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სრული აბსურდია. მისი თქმით, პარლამენტი ერთპარტიულია და ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას არ ასახავს.
"ქართული ოცნების" მტკიცება, თითქოს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არის სრული აბსურდი. სინამდვილეში მათ ეშინიათ სწორი დემოკრატიული პროცესის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების. სწორედ ევროპული პრაქტიკაა პოლიტიკური კრიზისების განმუხტვისთვის ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს პირდაპირი მონაწილეობა.
ფაქტია, პარლამენტი არის ერთპარტიული და მასში ასახული არ არის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების უმრავლესობის ნება.
შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ მმართველების, არამედ უსამართლო მმართველობითი სისტემის ცვლილება და სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა რიგგარეშე არჩევნები.
სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და სწრაფი, უეცარი ცვლილება, ტრანსფორმაცია განხორციელდება ქუჩიდან, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო.
მისი თქმით, შეთანხმებისთვის სივრცე არსებობს და შეხების წერტილები უნდა მოიძებნოს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება.