ეკატერინე ტიკარაძე  იაპონიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

მათივე ინფორმაციით, იაპონიის მხარესთან მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მაღალტექნოლოგიური ონკოლოგიური სერვისების დანერგვაა.

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის მთავრობას და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის. მინდა გამოვყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

იაპონიის საელჩოსა და სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით მომზადდა საგრანტო განაცხადი/საჭიროებების კვლევა 2 მილიონიან პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული გრანტის მიღების შემთხვევაში მოგვეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობის გაძლიერების შესაძლებლობა.

ასევე მინდა აღვნიშნო ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დეფიბრილატორებისა (110 ერთეული) და ელექტრო კარდიოგრაფების (155 ერთეული) შეძენას”- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს მაღალი გამავლობის 4 რეანიმობილი გადასცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული