იენს სტოლტენბერგი - საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის

საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის განმარტებით, საქართველოს და ნატო-ს მჭიდრო პარტნიორობა აქვთ.

„საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს - პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

„ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ და მომდევნო შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. ის საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტურ თანამშრომლობაში და ნატო-ში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ, ნატო-ს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა ის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა