ზურაბ ნოღაიდელი - ელექტროენერგიის იმპორტი თებერვალშიც აზერბაიჯანიდან იყო ყველაზე იაფი

ელექტროენერგიის იმპორტი თებერვალშიც აზერბაიჯანიდან იყო ყველაზე იაფი, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის განმახორციელებელი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

„იმპორტირებული 413.7 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგიიდან 258 მილიონი კილოვატი რუსეთიდან შემოვიდა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შარშან თებერვალში. 148.8 მილიონი კილოვატი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ საათი თურქეთიდან.

აქ საგულისხმოა, რომ რუსეთიდან იმპორტი, 258 მილიონი კილოვატი სრულად მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას, როდესაც „ენგურჰესი“ გამორთულია. ამ შემთხვევაში არც საქართველოს ბიუჯეტს და არც „ესკოს“ ამაში თანხა არ გადაუხდია“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

მისი განცხადებით, თებერვალში „ინტერ-რაომ“ რუსეთიდან იმპორტის ფასი წინა თვესთან შედარებით 3.5 3.7 და 7.8-მდე შეამცირა (საუბარია უქმე დღეების, ღამისა და დღის ფასებზე).

„თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4.85 ცენტს, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტის ფასი იყო 4.4 ცენტი. როგორც ხედავთ, ყველაზე უკეთესი ფასი „ელგრინის“ შეთავაზება იყო. „ესკო“ თავიდან იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტს, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. თუმცა, ფაქტია, ჩვენი შეთავაზებული ფასი - 4.4 ცენტი, რომელიც წინა თვესთან შედარებით კიდევ უფრო იყო შემცირებული, ბევრად სჯობდა რუსეთის შემოთავაზებულ ფასს და სჯობდა თურქეთიდან იმპორტის შემოთავაზებულ ფასსაც.

უფრო მეტი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში, იანვარ-თებერვალში, თებერვალში განსაკუთრებით, ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენი კონკურენტი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე უკვე თურქეთია და არა რუსეთი. რუსეთის ფასი იმდენად ძვირია აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტის ფასებთან შედარებით, რომ ის სერიოზულ ალტერნატივად, ფაქტობრივად, აღარც განიხილება“, - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო