იენს სტოლტენბერგი - გუშინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევედით - შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს და საქართველოს პრიორიტეტია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტზეც ისაუბრა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღვის უსაფრთხოება არის ალიანსის და საქართველოს პრიორიტეტი. ნატოს გემების ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კი მიზნად ისახავს შავ ზღვაზე ნატოს სამეზობლო ძალების გაძლიერებას და საქართველოს სანაპირო ძალებთან პრაქტიკული თანამშრომლობის განმტკიცებას.

„საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატოსთვის, ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენი ძალები, ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში.

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მოკავშირეებთან ერთად თანამშრომლობაში, ვამზადებთ მას გაწევრიანებისთვის, ერთად ვახორციელებთ წვრთნებს და განვითარებას, ასევე შემეცნების გაზრდას შავი ზღვის რეგიონში.

გუშინ ჩვენ შევედით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი სამეზობლო ძალების გაძლიერებას, თანამშრომლობას და მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოში სანაპირო ძალების წვრთნა განხორციელდეს. ამით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ ერთად ვმუშაობთ და ეს პროგრამა ცხადყოფს, რომ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და შედეგებზე გავდივართ.

შავი ზღვის უსაფრთხოება არის ჩვენი და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის განგრძობითი სამხედრო წვრთნა რეგიონში. რუსეთი იყენებს ყირიმს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა და ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ჩვენი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ვაგრძელებთ თანამშრომლობას და რუსეთს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დატოვოს და გაიყვანოს თავისი ძალები", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს.

ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა