საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები გიორგი ხელაშვილი და დიარმუდ უილსონი და ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული საპარლამენტო ურთიერთობები. „მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. აღინიშნა კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა განათლების, ტურიზმის, ვაჭრობის, სპორტის დარგებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასევე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა. გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ირლანდიელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული ნაბიჯები, საუბარი შეეხო ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პარალელურად გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერას. ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დიარმუდ უილსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდება. ირლანდიის პარლამენტის წევრებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის სფეროში და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელ კოლეგებს მიულოცა წმინდა პატრიკის დღე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო, ტრადიციულად, მონაწილეობს „გლობალური გამწვანების“ კამპანიაში და 16 და 17 მარტს მწვანედ განათდა თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელი კოლეგები საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს