დავით ზალკალიანი - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ეს შეხვედრა იყო ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ბოლო წლების განმავლობაში

ეს შეხვედრა იყო ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული შეხვედრა ბოლო წლების განმავლობაში, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები აქვს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან.

„სულ ჩატარდა ასოცირების საბჭოს 6 შეხვედრა და ის დეკლარაცია, რომელიც ამ შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩებული შინაარსიდან და იმ კონკრეტული შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველა მიმართულებით უმაღლესი შეფასებები და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. რამდენიმე ძირითად მომენტზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ეს დეკლარაცია შინაარსის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პირველი - დეკლარაციაში საუბარია საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროპულ არჩევანზე, ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან წაგვადგება და დაგვეხმარება ჩვენი მიზნის განხორციელებაში, რაც გახლავთ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

მეორე- ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს როგორც დამაკავშირებელს ევროკავშირსა და რეგიონს შორის. ე.წ. ქონექთივითი, დაკავშირებულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მზაობას ევროკავშირის მხრიდან, საქართველო იყოს კიდევ უფრო აქტიურად დაკავშირებული ევროკავშირთან, მოხდეს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა. ის ფაქტი, რომ დეკლარაციაში ეს მიმართულებები არის ასახული, ჩვენ კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რადგანაც აქტიურად ვემზადებით წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, სადაც ევროკავშირს განსაზღვრული აქვს იმ ასოცირებულ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც აჩვენებენ მეტ პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგი დაიდოს. დაკავშირებულობა არის ის მიმართულება, რომელზეც მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შავი ზღვის გეოგრაფია, შავი ზღვის როლი იყოს კიდევ უფრო მეტად გამოყენებული მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების რეალიზაციისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ამ დეკლარაციაში აღნიშნული შეფასებები საქართველოში ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ჩვენ ვიხილეთ ასევე ის, რომ ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაც აისახა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში საარჩევნო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით. უაღრესად პოზიტიური შეფასება გვაქვს უვიზო მიმოსვლის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ყველა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან, არის გათვალისწინებული, მნიშვნელოვნად არის შემცირებული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და უვიზო რეჟიმის იმპლემენტაცია იმსახურებს ევროკავშირის მაღალ შეფასებას იმ ანგარიშში, რომელიც მათ წარმოადგინეს“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული საქართველოს სტრატეგიულ როლზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით და გამოყოფილია საქართველო, როგორც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ქვეყანა.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, არის სტრატეგიული მნიშვნელობის. საუბარი იყო სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე და ხაზგასმულია შავი ზღვის როლი, როგორც ევროკავშირის დამაკავშირებლის საქართველოსთან და მთლიანად რეგიონში.

ერთ-ერთი ძირითადი, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ასევე ჩვენს მცდელობებს გადავდგათ ნაბიჯები დეოკუპაციასთან მიმართებაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკლარაციაში ასახულია 21 იანვარს, სტრასბურგის ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც აღიარებულია, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს.

„ეს არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელებაში და აქ ევროკავშირის როლი ძალიან მკაფიოა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო სამონიტორო მისიის მიერ გაკეთებული დასკვნები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით და ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული, ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელმაც მანდატი მიიღო. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის, არამედ ევროპარლამენტის მხრიდან. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, არჩევნებს აქვს მაღალი შეფასება, მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ყველა ჩვენი მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში, იყოს პარლამენტი ფუნქციონალური და ყველა ის საკითხი, რომელზეც დღეს მიმდინარეობს, იყოს განხილული პარლამენტის ფორმატში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა