ნოდარ მელაძე - საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს - კითხვები ეხებოდა იმას, ჩანაწერები საიდან, როგორ, რა ფორმით და ვისგან მივიღეთ

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას მასთან ძირითადად კითხვები იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიო ჩანაწერები. როგორც მელაძე განმარტავს, დაკითხვისას საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდათ. ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი, ჩანაწერში არსებულ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას დაიწყებენ, ის ფარულ აუდიო ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა აქვს, საგამოძიებო უწყებას გადასცემს.

„მე შემეძლო კანონის თანახმად საერთოდ არ მიმეცა ჩვენება, არ მოვსულიყავი მათ შორის, არც სასამართლოში და მესარგებლა კანონით მონიჭებული უფლებით. სასამართლოში ჩვენების მისაცემად მოვედი, რადგან მაინტერესებდა, დამენახა პროკურატურის განზრახვა რა იყო. საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს, პროკურატურის განზრახვა ერთადერთია - გაარკვიონ, წყარო ვინ არის. კითხვები ეხებოდა იმას, ჩანაწერები საიდან, როგორ, რა ფორმით, რომელ დღეს, ვისგან მივიღეთ. მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო. პროკურატურას პირდაპირ ვუთხარი, როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე, რომელიც ჩანაწერში იყო, დაიწყებენ, ჩვენ გადავცემთ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც, ჩვენთან რედაქციაშია და არა იმ ფორმით, როგორც თვითონ ითხოვდნენ - ელექტრონული მატარებლით. დაიწყონ გამოძიება ადეკვატური მუხლით, ამის პრაქტიკა ბევრჯერ გვახსოვს, როცა საჯარო სივრცეში გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებოდა ხოლმე გამოძიება და გადავცემთ ჩანაწერს. ისინი ამბობენ, რომ ამ მუხლით უნდა დაიწყონ და გადააკვალიფიცირონ, პრაქტიკა სრულიად სხვას გვიჩვენებს, მათი მიზანი იყო ერთადერთი, დაედგინათ წყარო, ყველა კითხვით მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ. იყო ირიბი კითხვებიც, თუ გახსოვთ რომელ დღეს მოგიტანეს, ვინ იყო და ა.შ.

ჩვენ საჯარო სივრცეში ვნახეთ ადამიანების აღიარება, მათ შორის, ბერა ივანიშვილის, რომელმაც დაადასტურა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. ზაკალაშვილი იყო გამომძიებელი, რომელი მონტაჟზე, შინაარსის შეცვლაზე მეკითხებოდა, ვპასუხობდი ერთს და ინტერპრეტირებდა მეორეს",- აცხადებს მელაძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა. ამის შემდეგ სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ აღნიშნული ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, „ტვ პირველმა” კი თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა