ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით

მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა, აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია.

„თითოეულ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას. ეს არის დიდი პრობლემა და მათ შორის, სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ერთ-ერთი მიმართულება ამისთვის არის მსხვილი ჰესების განვითარება. მათ შორის, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით ქუთაისში, როდესაც საპროტექტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით, პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმებაში, ვალიდაციაში. თუ რაიმე არის დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ასევე შეგვიძლია ქართველი ექსპერტები ჩავრთოთ და მშენებლობის პროცესს ადევნებენ ისინი თვალ-ყურს. ასევე, ამ პროექტმა რომ ხეობას უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს, შევქმნათ 5-მილიონიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარებისთვის, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში. ამ ფონდის მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს. მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს