ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება,- ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი „კურაციოსა“ და „გალტ & თაგარტის“ ერთობლივი თანამშრომლობით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მორიგ დოკუმენტშია (XIV ტალღა) აღნიშნული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებაა.

„საქართველოს ბანკის“ ინფომრაციით, კვლევის მიხედვით, სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას.

„კვლევის მიგნებებით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას - ამბულატორიულ დაწესებულებათა რაოდენობა 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფოთა საწოლფონდი 1.5-ჯერ გაიზარდა 2014-19 წლებში. შედეგად, სახეზეა ჯანდაცვის სისტემის ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს სექტორის ფინანსურ შედეგებზე.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია 2015 წლიდან ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლების გაუარესებაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავალიანება აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, და შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დროულად ვერ ისტუმრებენ ხელფასებს და სასესხო დავალიანება მზარდია. 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 715.2 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ლიკვიდობის გაუარესებით, კაპიტალურ დანახარჯებითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სექტორის 75 კომპანია, რომლებიც სექტორის შემოსავლების 64%-ს აგენერირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების 29%-მა იზარალა 2019 წელს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება კომპანიების 75%-ს უძნელდება.

სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს (520-ე და სხვა დადგენილებებით).

კვლევის მიხედვით, 520-ე დადგენილებით შემოღებული უნიფიცირებული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს. მზარდი ხარჯების პირობებში აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის სექტორის ლიკვიდურობას, ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას, თუ არ მოხდება ტარიფის პერიოდული კორექტირება. სავარაუდოდ, ტარიფებით გამოწვეულ დანაკარგს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჭარბი და/ან არასაჭირო მომსახურების გაწევით დააბალანსებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ოდენობას. ასევე, მოსალოდნელია სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან აღნიშნული მასალები ძირითადად იმპორტირებულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:

https://galtandtaggart.com/upload/reports/17234.pdf

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით