კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზს განმარტავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზს განმარტავს.

როგორც კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულების შემდეგ, ფასების საერთო დონე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შეეცდება ფასების ზრდა გარკვეულწილად შეარბილოს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების ეფექტის გაჩერების შემდეგ, ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე გვქონდა თებერვლის ბოლოს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მან ასევე ისაუბრა დოლარის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთზე რაც მოხდა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, პანდემიის გამო ამერიკის მარეგულირებელმა, ფედერალური რეზერვების ბანკმა შეამცირა და ახლა თითქმის ნულთან არის საპროცენტო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საპროცენტო განაკვეთები დოლარში ყველგან შემცირდებოდა.

მეორე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ დოლარში აღებული სესხები არის რისკიანი, უკვე აღარ არის არანაირი სტიმული, არც ბანკებისთვის, რომ დოლარში გასცენ სესხები. იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ გაფუჭებული სესხების რაოდენობას ქვეყანაში, 6%-ით არის გაზრდილი ევროში, 4%-ით დოლარში და 2 %-ზე ნაკლებია ლარში. ანუ, ეს ძალიან დიდი მოწყვლადობის წყაროა და ბანკებსაც რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში არ უნდათ ამ რისკების აღება და თუ გასცემენ, კიდევ უფრო მაღალი პროცენტით გასცემენ. ესეც აბსოლუტურად ბუნებრივია.

რა თქმა უნდა, დედოლარიზაციამაც მიიღო ამაში გარკვეული როლი და ძალიან კარგია, რომ ეს გაკეთდა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტით განისაზღვრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა