აკაკი მინაშვილი - „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას - გარდა პოლიტიკური წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი და გახდება უფრო ინტენსიური

„ქართული ოცნების" ხისტი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დღეს შეთანხმება არ შედგა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ქვეყნის ბედი.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას. რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება იმიტომ, რომ კრიზისი განმუხტულიყო? ეს იყო პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება, ზოგადად, პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები. დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ ძალიან რთულია მათში მოლაპარაკების რაიმე რესურსის მონახვა. „ქართულ ოცნებას" ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და გარდა პოლიტიკური წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური. ამ დღეების განმავლობაში ხედავთ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში, ყველა თანამდებობის პირი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და თამასა არის მაღლა აწეული, საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება. დღეს ხელისუფლებამ გვაჩვენა უპასუხისმგებლობა. მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი", - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, იქამდე, სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა პატიმრობაში იქნებიან, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა.

"ჩვენ ამ მოლაპარაკებაში აქტიურად ვმონაწილეობდით, იმიტომ, რომ მთავარი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. ამის შემდეგ, როცა ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებისგან ასეთი უპასუხისმგებლობა, მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა. როცა საუბარია ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება და ეს სირთულეები უფრო და უფრო მძიმე ხდება, მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა -პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციამ დათმო თუნდაც იმ კუთხით და მიუხდავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მაინც ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებაში, გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი. იმიტომ, რომ მიგვაჩნდა მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი იყო მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, გზამდე რომლითაც ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდებოდა. "ქართული ოცნება" საუბრობდა თითქოს იზიარებდნენ ჩვენი პარტნიორების პოზიციას, დღეს კი მათ ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს. "ქართული ოცნების" ხისტი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დღეს შეთანხმება არ შედგა", - განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით თითქმის, 10 საათი გაგრძელდა, თუმცა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა