სახელმწიფო ინსპექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შედეგების, სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევების, 2021 წლის პრიორიტეტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გახსნა და მონაწილეებს სამსახურის ძირითადი მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„2020 იყო პირველი წელი, როცა სამსახურმა მთელი წლის განმავლობაში სამი მნიშვნელოვანი ფუნქციით იმუშავა. პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, სამსახურმა შეძლო შეენარჩუნებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგის მაღალი სტანდარტი და ამის პარალელურად დაენერგა საგამოძიებო ფუნქცია. 2020 წელს ჩვენ კიდევ უფრო კარგად დავინახეთ ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო, პრაქტიკული და კოორდინაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც განვითარების საწყის ეტაპზე ბუნებრივი პროცესია. თუმცა, ჩვენ გვინდა სწრაფად წავიდეთ წინ. გამოწვევების დაძლევისა და განვითარების პროცესში ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერა“, - განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების მნიშვნელობაზე, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში არსებულ დაბრკოლებებზე და შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის პრიორიტეტებსა და საჭიროებებს.

„მათ შორის, აქცენტი გაკეთდა: სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, საქმიანობის ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდაზე, საზოგადოებაში სანდოობისა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სამსახურის მიერ დღემდე გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და უწყებას სამომავლო გაძლიერების პროცესში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დონორთა საკოორდინაციო მექანიზმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წელს პირველად დაინერგა და აღნიშნული ფორმატი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით