ხათუნა ლაგაზიძე - ცალსახაა, რომ წაგებულია საქართველო, მასთან ერთად ევროკავშირიც, დროებითი მოგებული კი თუ ვინმე დარჩა, რუსეთია

მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ქართული ოპოზიცია, ხელისუფლება და ევროკავშირის წარმომადგენელი კი არ იჯდა, მაგიდასთან უხილავი, მაგრამ ყველაზე ძლიერი წევრი იყო რუსეთის სახით, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, შეთანხმების გარეშე პროცესის დასრულებით დროებით მოგებული რუსეთი, ხოლო წაგებული ევროკავშირი და საქართველო დარჩა.

„ახლა დემოკრატიისთვის კი არა, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან ქართული ოპოზიცია, ხელისუფლება და ევროკავშირი კი არ იჯდა მხოლოდ, იმ მოლაპარაკების მაგიდასთან უხილავი, მაგრამ ყველაზე ძლიერი წევრი იყო რუსეთის სახით. მაგიდასთან მთავარი მხარე რუსეთი იყო, რომელსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარად მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველოს ხელისუფლება. ახლა ცალსახაა, რომ წაგებული არის საქართველო, მასთან ერთად ევროკავშირიც, დროებითი მოგებული კი თუ ვინმე დარჩა ამ სიტუაციით, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესის დეტალებს, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ახლა ოპოზიციამ ამომრჩეველს ხელისუფლების ნამდვილი სახე უნდა აჩვენოს და ყველა იმ საკითხზე ისაუბროს, რაზეც „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავიდა.

„ინფორმაცია ძალიან მწირია ობიექტური შეფასება რომ გავაკეთოთ. იმისთვის, რომ ოპოზიციის ნდობა საკუთარივე ამომრჩეველში გამყარდეს, სასიცოცხლოდ აუცილებელია დაიდოს ის ფორმულირებები და საკითხები, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს ხელისუფლების ნამდვილი სახე. აქ არ ვსაუბრობ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების საკითხზე მხოლოდ. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ მოდიოდა რეალურ საარჩევნო რეფორმაზე, ხელისუფლება არ დგამდა არცერთ ნაბიჯს ძალაუფლების დანაწილების მიმართულებით, ხელისუფლება არ მოდიოდა მართლმსაჯულების რეფორმაზე. ეს ყველაფერი რა ფორმულირებით იყო, რაზე თქვა უარი ხელისუფლებამ, ეს უნდა ვიცოდეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველი ზოგადად გაერკვეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც, რომ იქ პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა ყოფილა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება პრინციპულად და ჯიუტად ამბობს უარს ამ ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციით აღებული ვალებულებების შესრულებაზე, რაც არის სასამართლოს თავისუფლება, უარს ამბობს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე და უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებულ ხელისუფლების დანაწლების პრინციპზე. უპირატესი, რაც დღეს ოპოზიციას მართებს, ეს არის სრულიად ახალი ტიპის კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ოპოზიცია უნდა გასცდეს მედიის ჩარჩოებს და უნდა დაუბრუნდეს ცოცხალი კომუნიკაციის ფორმატს ამომრჩეველთან. მათ შორის, საპროტესტო აქციების ფორმატსაც. თუმცა, ადამიანებს რომ პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩინო, მათთან მუშაობაა საჭირო. ერთი მხრივ, ოპოზიციის ტაქტიკა და მეორე მხრივ, თავად ოპოზიციის განახლებაა საჭირო. ახალი სახეების წინ წამოწევა და ახალი ძალებით გამოსვლა, რაც ნდობის აღდგენას და გაზრდას მოემსახურება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, როგორც ლაგაზიძე ამბობს, ფაქტობრივად, ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვდა 21-ე საუკუნეში პოლიტიკური მძევლებით ვაჭრობის დაკანონებას და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„აქ საერთოდ გაუგონარ რამესთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვდა 21-ე საუკუნეში პოლიტიკური მძევლებით ვაჭრობის დაკანონებას. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? დაახლოებით, 2 წელია ვხედავთ როგორ აჰყავს პოლიტიკური მძევლები ხელისუფლებას და მერე მათი გამოშვებით როგორ ვაჭრობს. საქმე ძალიან მძიმედ არის, 21-ე საუკუნეში ხელისუფლება ვაჭრობს პოლიტიკური მძევლებით და ამის ლეგიტიმაციას ითხოვდა ევროკავშირისგან“, - განაცხადა ლაგაზიძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი კონსტიტუციის მიღმა დააყენა.

ამასთან, მისივე მოსაზრებით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საერთაშორისო აქტორები მოლაპარაკებებში შესაძლოა ისევ ჩაერთონ, მათ შორის, ლაგაზიძე არ გამოირცხავს, რომ ახალი მედიატორიც დაინიშნოს.

„პასუხისმგებლობას საერთაშორისო აქტორებს ვერ მოვთხოვთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა და პასუხისმგებლობაც ჩვენ გვეკისრება. მაგრამ უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ისინი უფრო მეტად ხისტი და მომთხოვნები, ასე გიპასუხებთ - ყველაფერი წინაა! ევროკავშირის ასეთ აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში არავინ ელოდა. ამიტომ ეს შანსი, უპრეცედენტო ინტერესი ეროკავშირის მხრიდან, საქართველომ უნდა გამოიყენოს. ახლა მთავარია ამერიკაში წავიდეს მთავარი მესიჯი, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და რეგიონში დასავლეთის ყოფნას შორის ტოლობის ნიშანია დასმული. ვფიქრობ, პროცესი გრძელდება, რადგან ევროპარლამენტში შეიქმნა მედიაციის ჯგუფი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს პროცესში ჩაერთონ და ისინი უკვე სხვანაირად შეიარაღებულები ჩამოვიდნენ. არ არის გამორიცხული ახალი მედიატორი დაინიშნოს და არც იმას გამოვრიცხავ, უფრო მძიმე მოქმედებები ჩაირთოს ამერიკის მხრიდან. ვფიქრობ, არაფერი დასრულებულა. დასავლური ბერკეტების თვალსაზრისით, გადამწყვეტი იქნება 23 მარტის განხილვა ამერიკის სენატში, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ვიყოთ მხოლოდ გარე რესურსების იმედზე. სიტყვიერმა რესურსმა ძალა ამოწურა, ახლა უკვე „ქართულ ოცნებას“ კარგად უნდა დაანახონ, რა ელოდება მას თუკი ისინი საკუთარი კონსტიტუციით აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს იტყვიან. ბერკეტების დეფიციტს ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს განიცდიდა. სანქციებამდე უნდა იყოს ახსნა-განმარტებითი მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან კონსტიტუციით აღებულ ვალდებულებებზე. ასეთი, როგორც ჩანს ევროპელებს არ ჰქონიათ. ამადვროულად, ოპოზიციამაც უნდა დაანახოს დასავლეთს, რომ ის კვლაიფიციური, მყარი და საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პარტნიორია“, - განაცხადა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა