სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით, უდიდესი ტრაგედიაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან გარდაცვლილის ოჯახსა და ყველა კოლეგას მიუსამძიმრა.
„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წინაშე, ასევე ყველა ჩვენი კოლეგის წინაშე იმ დანაკარგის გამო, რომელიც გამოვცადეთ. უდიდესი ტრაგედიაა. ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის იმ რთულ პროცესში. მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა, ჩვენ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც ეპიდემიის პროცესს უკავშირდება და ისიც, როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის“,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.