პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში  ბრალდებული 5 სრულწლოვნის დამნაშავედ ცნობაზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული სრულწლოვანი პირები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე.წ. ,,საბურთალოელებმა“ სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-სა და მის თანმხლებ პირებს.

ეს უკანასკნელი, თავს თვლიდა რა კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში და ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.

2020 წლის 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან - ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ავტომანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები, მათ შორის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და მასში მსხდომი გ.ტ., ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ. ეს უკანასკნელი ასევე შეიარაღდა რკინის ხელკეტით.

დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-სა და კ.ღ.-ს, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსამრეცხაოსთან და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქ.-ს დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან გინებით გადმოვიდნენ, ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ., ვ.ჩ. და დაედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ, ვ.მ.დაბრუნდა ავტომანქანასთან, ხოლო დანარჩენმა თავდამსხმელებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანხმლები პირების დევნა, რაც დასრულდა მდინარე არაგვის ხევში გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით და მკვლელობით. აღნიშნულის შემდგომ ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს იქვე დამალული გ.ა., რომელიც შემთხვევის ადგილიდან გარიდების მიზნით იძულებით ჩასვეს ავტომობილში, აღუკვეთეს მას თავისუფლება და დატოვეს ტერიტორია.

აღნიშნული ქმედებისთვის, ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), გ.ტ.-ს - სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასაში მონაწილეობა), ვ.მ.-ს კი ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

სასამართლომ ვ.მ., ნ.ჟ., თ.ბ. და ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ვ.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ.ჟ.-ს, თ.ბ.-სა და ი.მ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება გ.ტ.-ს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული