ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზაზე წინადადება იყო, თუმცა ეს წინადადება მისაღები მხოლოდ „გირჩისთვის“ აღმოჩნდა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით წინადადება იყო.

როგორც მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მისი პარტიის გარდა ინიციატივას, რომ „თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა“, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგებოდა. მეგრელიშვილის შეფასებით, ეს წინადადება „მისაღები და გასაგებია“.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გადასარევი და სწორი გადაწყვეტილებაა, ამის გამო ადრე მთელი ოპოზიცია გაგვიწყრა. ერთია, როდესაც ახალ არჩევნებს ვნიშნავთ იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ახალ არჩევნებს როგორც სასჯელს ისე ვუწესებთ - შენ ხარ ქურდი, მოიპარე არჩევნები და ახლა დანიშნე ახალი არჩევნები - ეს არის ერთი მიდგომა. მაგრამ, თუ ასე დადგებოდა საკითხი, რომ ჩავატაროთ კარგი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც იქნება ისეთივე პროპორციული განაწილება, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობის პრეფერენციები შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ 2022 წელს იმის გამო, რომ გვაქვს კრიზისი, დავნიშნოთ არჩევნები და შევაფასოთ.

„ქართული ოცნებიდან“ მთავარი ფიგურები წავიდნენ, ასევე წავიდა ჩვენი პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, „ევროპულ საქართველოშიც“ პრობლემებია, „პატრიოტთა ალიანსში“ სხვა ხალხია, ყველგან პრობლემაა.

ჩვენ გარდა ფაქტობრივად ყველა წინააღმდეგი იყო. ეს ჩვენთვის მისაღები და გასაგები წინადადებაა. რადგან ალეკომ თქვა და ცნობილია, რომ ეს წინადადება განხილვადი იყო, საზოგადოებამ განსაზღვროს. სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტი იყო, რომ სხვადასხვა არჩევნებია და რა შუაშიაო. მთელ მსოფლიოში ამის პრაქტიკა არსებობს, რატომაა საქართველოში შეუძლებელი, არ ვიცი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა ისაუბრა, თუ რა ფორმატით იმართებოდა გუშინდელი შეხვედრა. მისი თქმით, მედიატორები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ.

„დრო არაეფექტურად იხარჯებოდა იმის გამო, რომ პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იყო. ფაქტობრივად შეხვედრის მონაწილეები დიდ დროს ვატარებდით ერთად, სოციალიზაცია გვქონდა, ვჭორაობდით. იმედი გვქონდა, მივიღებდით დოკუმენტს. 10 საათი ძირითადად ლოდინში გავატარეთ. მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც იყო ამ დღეებში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ყველაზე გაუგებარი, სადაც არავის არაფერი მოსწონდა და არც ესმოდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმითვე, მოლაპარაკებების იდეა იყო, რომ ყველას რაღაც უნდა დაეთმო, რაც მის ინტერესებში იყო, რათა საერთო შეთანხმება შემდგარიყო.

„გირჩისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თუ შედგებოდა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ოღონდ პოლიტიკური ცხოვრება ყოფილიყო, მზად ვიყავით, წავსულიყავით კომპრომისზე, ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებზე. წავედით კიდეც. მაგრამ შეთანხმება უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ან ყველა საკითხზე ვთანხმდებოდით, ან ვერც ერთზე, ანუ იდეა იყო, რომ ყველას რაღაც უნდა დაეთმო, რაც მის ინტერესებში იყო, რომ საერთო შეთანხმება შემდგარიყო.

ისეთი დამოკიდებულება აქვთ, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება შეიძლება ამოიკითხოთ. ვერ დაინახავთ რესურსს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ რამეზე შეთანხმება. ებრძვიან ერთმანეთს. ომის მოგება უნდათ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან ომს ვერ იგებენ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა