აბულმუგის აბანოს საკონსერვაციო სამუშაოები იწყება

დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის აბულმუგის აბანოს საკონსერვაციო სამუშაოები იწყება. პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივითა და კომპანია „არემჯი გოლდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრი ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება აქტიური მსჯელობა, როგორ დაუბრუნდეს ძეგლს ახალი სიცოცხლე და როდის, რა ფორმით ჩაერთოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

„თითქმის დასასრულს უახლოვდება ჩვენი 3-წლიანი კონსულტაციები, მსჯელობა და სამუშაოები აბულმუგის აბანოს გადარჩენასთან დაკავშირებით. 2018 წლიდან დღემდე, ჩვენი ინიციატივითა და ჩართულობით ორჯერ ჩატარდა როგორც გადაუდებელი გამაგრებითი, ასევე არქეოლოგიურ-გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ძეგლზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა, რომ შემდგომში, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ძეგლის მდგომარეობის ობიექტური სურათი გვქონოდა. ჩვენი გარჯისა და ყველა მხარის ჩართულობის მიუხედავად, ძეგლის მდგომარეობა მაინც არასტაბილური და სავალალოა. ამიტომ უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მსჯელობა, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება და ძეგლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის. მომავალი კვირიდან ძეგლის კიდევ ერთი გენერალური გამაგრება დაიწყება. ამ დღეებში დამატებითი კვლევები მიმდინარეობს. ჩვენთვის ყველა ძეგლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აბანო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანია „არემჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობს. გარდა ამისა, პარალელურად, ადგილზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, უპრეცედენტოა ის, რომ კულტურული მემკვიდრეობა ბიზნესთან თავსებადი გახდა, კულტურული მემკვიდრეობაც დაცულია და ბიზნესიც აგრძელებს მუშაობას. „საყდრისის კომიტეტი“ აბულმუგის აბანოს დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე 2014 წლიდან ზრუნავს. ძეგლის დაცული ზონა შემოღობილია, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა, რომელიც ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს 24 საათის განმავლობაში აკვირდება“,-აცხადებს ბურჭულაძე.

RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთოების საკითხებში ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს, რომ კომპანია „საყდრისის კომიტეტის“ წევრების მიერ ინიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის პროცესის დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს.

„კომპანია „არემჯი“ „საყდრისის კომიტეტის“ წევრების მიერ ინიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის პროცესის დაფინანსებას ნებისმიერ ეტაპზე გააგრძელებს. ასევე, ხელს შეუწყობს ძეგლების მონიტორინგის პროცესის განხორციელებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობს“,-განაცხადა შატაკიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა