ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის გამო, 21 მარტს, გადაადგილების შეზღუდვა დროებით მოიხსნას

საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად საქართველოს მთავრობას მიმართავს, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის გამო, 21 მარტს დროებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას.

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მიმართავს საქართველოს მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მოქალაქეებს შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული.

ამავე თხოვნით, საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ-ბაირამი სათავეს ძველ სამყაროში იღებს და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის (იგი „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები), ხოლო 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზი მასშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღაირებს, მის მიზანს - ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით“,-აღნიშნულია მიმართვაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით