მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ევროპელ კოლეგებთან შესაძლოა, იმ დღის წესრიგის გადახედვაზე იმსჯელოს, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ დადო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არცერთი კომპრომისული ნაბიჯი მოლაპარაკებებზე ოპოზიციას არ გადაუდგამს.

როგორც მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა იმსჯელოს ევროპელ კოლეგებთან იმ დღის წესრიგის გადახედვაზე, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ ასევე ხელისუფლებამ დადო, კერძოდ, მოლაპარაკებების დეტალების გაუთქმელობაზე.

„ჯერჯერობით ის პირობა, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ევროპელ პარტნიორებთან დავდეთ, ისევ უცვლელია. მიუხედავად ამისა, მაინც მთხოვთ დეტალებს. ძალიან გთხოვთ, დეტალები მოსთხოვოთ მათ, ვინც ეს პირობა უკვე დაარღვია არაერთგზის, როგორც პარლამენტში შემოსულმა დეპუტატებმა, ასევე პარლამენტს გარეთ ჯერჯერობით მყოფმა ჩვენმა კოლეგებმა. მათი კომპრომისი იყო ის, რომ ისინი ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მათაც თქვეს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა. სხვა რა ნაბიჯი გადმოდგეს მათ, რომელსაც შეიძლებოდა თეორიულად კომპრომისული ნაბიჯი დარქმეოდა, ასეთს ვერ დაგისახელებენ. მათი მხრიდან არცერთი კომპრომისული წინადადება და ნაბიჯი არავის უნახავს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ და ვფიქრობ, მოგვიწევს საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ გადაიხედოს ეს დღის წესრიგი რომ მოგვეცეს საშუალება ვისაუბროთ. პატიოსნად ვიცავთ პირობას და ვერ ვლაპარაკობთ დეტალებზე. შეუძლებელია ასე გაგრძელება, რადგან ერთი მხარე არღვევს პირობას და ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს, საზოგადოებას არასწორი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციები მიეწოდება და ბევრი რამ სიცრუეს შეიცავს, ამიტომ ჯობს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგვეცემა უფრო მეტის თქმის საშუალება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წინადადებები დაკავშირებული იყო როგორც რეფორმებთან, ამ რეფორმების დეტალურ განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე, მათ მიერ დაყენებულ ულტიმატუმებთან დაკავშირებითაც კი, გამოსავლის გზებიც მივაწოდეთ და ვასწავლეთ რა უნდა გაეკეთებინათ. გამოგონილ და ხელოვნურ კრიზისში, სადაც მარტივად არ არსებობს გამოსავალი, ამას უნდა მათი ნება. როდესაც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული ხელოვნური კრიზისის გადაწყვეტა, მათი პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ევროპელ კოლეგებთან შესაძლოა, იმ დღის წესრიგის გადახედვაზე იმსჯელოს, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ დადო

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის