პროკურატურამ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე არასრულწლოვნის ბებიას ბრალი წარუდგინა

ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე პროკურატურამ ერთ-ერთი მოსწავლის ბებიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული მოსაწავლის ბებია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურამ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე არასრულწლოვნის ბებიას ბრალი წარუდგინა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა