გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.

„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება. ეს არის გასაკეთებელი, ამის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტენციალს ქმნის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება.

„მე ამ პოლიტიკურ პარტიებს მივეცი ხმა 2020 წლის არჩევნებში და ჯამურად კმაყოფილი ვარ მათი შედეგით. ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა