EMC - აზერბაიჯანელებმა ნოვრუზობაზე „კომენდანტის საათის“ გახანგრძლივება მოითხოვეს, თუმცა მთავრობამ არ გაითვალისწინა, რაც კიდევ უფრო დისკრიმინაციული ჩანს იმ ფონზე, როდესაც არა ერთი შეღავათი დაუშვა სხვა დღესასწაულების დროს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქართველოს აზერბაიჯანელებს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს და მათ უფრო სამართლიან, სოლიდარულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის პირობებში საქართველოს აზერბაიჯანელებმა ნოვრუზის დღეს „კომენდანტის საათის“ გახანგრძლივება მოითხოვეს, თუმცა თემის კოლექტიური თხოვნა საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას საქართველოში.

„საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მიმდინარე წელს, წინა წლების მსგავსად ნოვრუზის დღესასწაულად ცნობას და მის უქმედ გამოცხადებას მოითხოვდა, თუმცა ამ მოთხოვნას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მსვლელობა არ მისცემია. პანდემიის პირობებში საქართველოს აზერბაიჯანელებმა ნოვრუზის დღეს „კომენდანტის საათის“ გახანგრძლივებაც მოითხოვეს, თუმცა თემის კოლექტიური თხოვნა საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემური და დისკრიმინაციული ჩანს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ არა ერთი შეღავათი დაუშვა სხვა დღესასწაულებისა, თუ სხვა სახის საჯარო თავყრილობის დროს (მაგალითად ფეხბურთის მატჩი).

სახელმწიფოს ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. საჯარო სივრცეში და კულტურის პოლიტიკაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კულტურა ნაკლებად არის წარმოდგენილი. პოლიტიკურ ენაში კვლავ ჩანს "ჩვენ და ისინი" დაყოფა და უმცირესობების არასათანადო რეპრეზენტაცია, აღიარება და პატივისცემა. მოქმედი კალენდარიც, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების გამაერთიანებელი დოკუმენტი, არაინკლუზიურია და უმცირესობები მათთვის მნიშვნელოვან კულტურულ თარიღებს მასში ვერ აღმოაჩენენ. კიდევ უფრო სუსტია სახელმწიფოს მცდელობა შექმნას მულტიკულტურული და სოლიდარული გარემო და განავითაროს სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგის, გაზიარებისა და თანამშრომლობის პრაქტიკები. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც ჩვენი სახელმწიფო რთულად ახერხებს უფრო პროგრესულ და გამაერთიანებელ პოლიტიკურ იდეებზე და წარმოსახვაზე დაფუძნებული ერთობის შექმნას, სადაც სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკური ჯგუფები თანასწორ მოქალაქეებად არიან დანახულები და წარმოდგენილები.

ცხადია, აღიარების პოლიტიკის მიღმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია უმცირესობების ჯგუფებისთვის რეალურად თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა. ჩვენს ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის, განათლებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნის მიმართულებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ფორმალური პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნის მიღმა, რეალურ ცვლილებებზე მიმართულ ქმედით პოლიტიკას არ ატარებს და მისი ძალისხმევა სუსტია.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ჩანს თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემების დემოკრატიული ორგანიზება და მოქალაქეობის საერთო იდეაში ჩაწერისა და ამ პერსპექტივით მათთვის უფრო სამართლიანი გარემოს შექმნის მცდელობები. ღირებულია, რომ ეს მოძრაობები სოლიდარულია და ხშირად ეხმიანება საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს და საჯარო ინტერესებს მიკუთვნებულ საკითხებს.

EMC კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს მოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაულს და სოლიდარობას უცხადებს მათ მცდელობას ააშენონ და წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა