DRI-ი საქართველოს მთავრობას კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ ღია წერილით მიმართავს

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) საქართველოს მთავრობას კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ ღია წერილით მიმართავს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, 2010 წელს, ჯერ კიდევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შემუშავდა. ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე.

მიმართვის თანახმად, სტრატეგიის მიღებისთანავე, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი რეალიზაცია გართულდებოდა და ვერც სათანადო შედეგებს მოიტანდა. "დღეს, სტრატეგიის მიღებიდან 11 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტმა დიდწილად მართლაც ვერ იმუშავა. ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. მითუმეტეს, რომ განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ასე, მაგალითად: 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას ეწევა; ორჯერ ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (2016, 2020), რითაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა; რუსეთმა დახვეწა და აქტიურად იყენებს რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, როგორც უშუალო სამეზობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებიც. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა - ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა; პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი), ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა. კარგად გვესმის, რომ 90-იანი წლებიდან დაგროვილი, უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა ერთიანად და სწრაფად ვერ მოხერხდება. ამასთანავე, მათ ეტაპობრივ მოგვარებას, საერთო ეროვნული ძალისხმევა და პრაგმატული მიდგომები ესაჭიროება. შესაბამისად, დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება, როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ); ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს", - ნათქვამია წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა