ვახტანგ ძაბირაძე - თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეძლებენ, ეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შესახებ სერიოზული განაცხადი იქნება

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დააგვიანა და „არც ისე დიდი პოლიტიკური კაპიტალი გაანიავა“. ამის შესახებ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნაზე საუბრისას განუცხადა.

ძაბირაძე ასახელებს სამ ადამიანს, ვისი გაერთიანებითაც, მისი აზრით, ალტერნატიული ძალის შექმნაა შესაძლებელი. როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, თუ გიორგი გახარია, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანდებიან, პარტიის შექმნისთანავე მესამე ძალად ჩამოყალიბდებიან. ძაბირაძის შეფასებით, მათ ელექტორატი აერთიანებთ, შეთავსებადები არიან და გარკვეული პოლიტიკური კაპიტალიც აქვთ.

„თეორიულად სამი პიროვნებაა დღეს რომელთა გაერთიანება, თუ ეს შესაძლებელია, იქნება წამყვანი ამ მიმართულებით. თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი შეძლებენ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, მაშინ ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმისა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. შექმნის მომენტშიც, შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს მართლაც იქნება მესამე ძალა შექმნისთანავე. შემდეგ კი დამოუკიდებული იქნება, როგორ წარმართავენ როგორც პარტიის, ასევე ოპოზიციის საქმიანობას და რას შესთავაზებენ საზოგადოებას.

მარგველაშვილმა, ჩემი აზრით, ძალიან დააგვიანა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. მას გარკვეული დროის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა თავის საქმიანობა, მაგრამ მან არჩია დამკვირვებლის, ექსპერტის როლში ყოფნა. როდესაც ამ სამ ფიგურაზე ვსაუბრობ, ყველა მათგანს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს, მარგველაშვილმა ეს არც ისე პოლიტიკური კაპიტალი, ვფიქრობ, გაანიავა იმიტომ, რომ ამ პროცესებში არ იყო აქტიური. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილი რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია ან ტვირთია, პირიქით, მაგრამ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც მგონია, რომ საკმაოდ დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვთ. თან აქ პრობლემა იმაშია, რომ მათი პოლიტიკური კაპიტალი, ელექტორალური მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო არაა, აერთანებს და არ ყოფს ელექტორალური თვალსაზრისით. ესენი შეთავსებადი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებული იქნებიან. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური კაპიტალის გაერთიანება მოხდება, კიდევ ბევრი რამ დასჭირდებათ. ვსაუბრობ დღევანდელი პოლიტიკურ აქტორებს შორის რა კონფიგურაცია იქნება ყველაზე მაქსიმალური ოპოზიციური ელექტორანტის შემკრები, იმ ელექტორატისა, ვისაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ელექტორატის მაქსიმუმს შეკრებავს თუ ეს სამი ფიგურა გაერთიანდება და პოლიტკურ ძალას ჩამოაყალიბებენ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა გადაწყვიტეს და „ნაცმოძრაობის“ ბანაკში აღმოჩნდნენ“.

„ქართული პოლიტიკისთვის სიახლე არაა, რომ ელექტორალური რესურსი ნამდვილად არსებობს. საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია. საუბარია იმაზე, რომ დღემდე ვერ შეიქმნა ისეთი ძალა, რომელიც ამ რესურსის კონსოლიდირებას მოახდენდა და ერთ ჯამში მოაქცევდა. ეს პრობლემა დგას ქართულ პოლიტიკური სპექტრის გარშემო. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულმა პატარა პარტიებმა, გარდა „გირჩისა“ და ელისაშვილისა, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა გადაწყვიტეს და „ნაცმოძრაობის“ ბანაკში აღმოჩნდნენ. უნდათ ეს, თუ არ უნდათ, ეს უკვე ჩავლილი ეტაპია, ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. შეიძლებოდა მათაც ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ ორგანიზაციულად დამოუკიდებლები უნდა ყოფილიყვნენ, ან ცალკე შეექმნათ მესამე ჯგუფი. ეს ჩავლილი ეტაპია და რომელიმე მათგანი რომ გახდება საყრდენი, რომლის ირგვლივაც შეიქმნება მესამე ძალა, ამის რესურსი მათ ნაკლებად აქვთ, საერთოდ თუ აქვთ. თეორიულად, რადგან ელექტორანული რესურსი არსებობს, შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე ალტერნატიული ცენტრი.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ შესაძლო ალტერნატიული ძალის შექნის საკითხს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ „მათ ეს შესაძლებლობა გაუშვეს“.

„თავის დროზეც, როდესაც „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, მასაც ჰქონდა პერსპექტივა გამხდარიყო ბაზა მესამე პოლიტიკური ცენტრის. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში გადადგმულმა ნაბიჯმა, რომელთაც არამხოლოდ მხარი დაუჭრეს, არამედ ჩაერთნენ გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო მარათონის მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელიც მათ გამოყვა, უკან მიუყვანა „ნაცმოძრაობას“.

ასევე გიორგი ვაშაძის ელექტორატი შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე იყო, ნაწილი კი „ქართული ოცნების“. ვაშაძე ადგა და ისინი ისევ „ნაცმოძრაობას“ მიუყვანა. საუბრობენ იმაზე - რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები. კი, ბატონო, ილაპარაკეთ. მაგრამ რას ილაპარაკებ, იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ამომრჩეველი როგორ აღიქვამს. აღიქვამენ, რომ ეს არის ერთი გუნდი და რეალურად ასეცაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთქმის.

ასევე, მესმის, რომ „ლელოს“ ელექტორალური ბაზა არ არის ის კატეგორია, რომელიც ქუჩაში გამოვარდება, მაგრამ ჯობდა, ცალკე ემოქმედათ. სხვაგვარად უნდა ემოქმედათ, ვფიქრობ, დღეს ეს მატარებელი უკვე ჩავლილია“,- განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს