„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს

თანამდებობის პირებს არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში. მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა.

„იკვეთება 3 მთავარი პრობლემა, რომელიც მონიტორინგისას ყოველ წელს იჩენს თავს და რომელთა მოსაგვარებლად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა.

მონიტორინგის პირველი სამი წლის განმავლობაში დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა შთამბეჭდავი კლება ფიქსირდებოდა (2017 წელს 80%-დან 2019 წელს 45%-მდე); თუმცა, 2020 წელს დაჯარიმებულთა წილმა კვლავ მატება დაიწყო და 52%-ს მიაღწია (იხ. ცხრილი #1). სხვა სიტყვებით, თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად.

გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმების რაოდენობამ მოიმატა იმის მიუხედავად, რომ თანამდებობის პირებს რამდენიმე მიმართულებით შეუმსუბუქდათ დეკლარირების ვალდებულება, მაგალითად: შემოღებულ იქნა არაარსებითი დარღვევის ცნება, რომელიც ჯარიმის მაგივრად გაფრთხილებას ითვალისწინებს; ასევე დარღვევად აღარ ითვლება, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციაში არ მიუთითებს ისეთ კომპანიას, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ბრუნვა.

მეტიც, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:

რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)

ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)

ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)“,-აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

მათივე ინფორმაციით, არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები.

„ 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღმოჩენილ დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა, წინა წლების მსგავსად, ეხება მხოლოდ დეკლარაციის ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეს. თითქმის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, როდესაც ბიურომ გამოავლინა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: კორუფციის ნიშნები, ინტერესთა ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო გამდიდრება ან/და დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, თანამდებობის დატოვების შემდგომი შეზღუდვის დარღვევა (ე.წ. მბრუნავი კარი) და სხვა ამგვარი დარღვევები.

ამ დროს, მოქმედი კანონმდებლობით, დეკლარაციების მონიტორინგს ორივე ფუნქცია აქვს: 1. დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება; და 2. ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2020 წელს შემოწმებული 341 დეკლარაციიდან მხოლოდ ერთი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მონიტორინგის ანგარიში არ აკონკრეტებს ამ თანამდებობის პირის ვინაობასა და დარღვევის შინაარსს.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა შინაარსს, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაჯარიმებული თანამდებობის პირების (178) ნახევარზე მეტი არასრულად ან არასწორად ასაჯაროებს მისი ან მისი ჯახის წევრების შემოსავლებს (69.1%) და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას (56.4%). თითქმის ნახევარი არასრულად უთითებს უძრავ ქონებას (46.3%), ყოველი მესამე არასრულად უთითებს სამეწარმეო საქმიანობას (35.6%), ხოლო ყოველ მეხუთეს არასრულად აქვს დეკლარირებული დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია (21.8%).

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი. კერძოდ, მათივე ცნობით, დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო 4 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა ისე, რომ შემოწმდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის (წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების 10%) მხოლოდ ნახევარი.

„ამის მიზეზი არის ის, რომ სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც შესამოწმებელი დეკლარაციების ნახევარი (ანუ ყველა დეკლარაციის 5%) უნდა შეარჩიოს, უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა. შედეგად, 2020 წელსაც შემოწმდა დეკლარაციების მხოლოდ 5% (რაც შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონულად შეირჩა)“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო:"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს