ირაკლი ზარქუა „გირჩზე“ - არ მგონია, ინდივიდუალურად რომ ველაპარაკოთ პრობლემა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდი “გირჩთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ნაკლებ ხარვეზიანი საარჩევნო სისტემა და დაბალი ბარიერი ოპოზიციის ინტერესში უნდა იყოს.

“გირჩი” იქნება თუ სხვა პატარა პარტია, მათ ინტერესებშია, რომ უფრო ნაკლებ ხარვეზიანი საარჩევნო სისტემა შეიქმნას და დაბალი ბარიერი. “გირჩი” იქნება თუ სხვა პარტია, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებებზე. მზად ვართ, რომ ველაპარაკოთ. არ მგონია, პრობლემა იყოს ინდივიდუალურად რომ ველაპარაკოთ”,- განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს, ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი პარტია ყველფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს დიალოგი შედეგით დასრულებულიყო. ამასთან, როგორც ზარქუამ აღნიშნა, მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ზოგიერთი პარტია, რომლის ინტერესში შეთანხმების მიღწევა არ იყო.

“მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგით დასრულებულიყო. 4 რაუნდი გავმართეთ დიალოგის თუ შეხვედრების, ყველა ბერკეტი, ყველა ინსტიტუცია იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულიყო რამდენიმე ასპექტზე. წინასწარ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის საარჩევნო სისტემა და ბარიერი. დანარჩენი რაც იქ ეწერა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები, ამის საფუძველი არ არსებობდა, ფაქტი არ იყო, ვერავინ დაგვარწმუნა. ვერც ის ბერკეტი გამოიყენეს, როდესაც საგამოძიებო კომისია შევქმენით. მათ შორის, ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ „არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“. მეორე მიმართულება იყო პოლიტპატიმრები. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს არ ჰყავს პოლიტპატიმარი, არ ჰყოლია და არც მომავალში ეყოლება, იმიტომ, რომ განსხვავებული სახელმწიფოს მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი, სადაც კანონი არის უზენაესი და ყველა ექვემდებარება. ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, არის ჯგუფები, ვისთანაც მეგობრობენ, სხვა ურთიერთობები შეიძლება ჰქონოდათ, მათ შორის ევროპარლამენტარებთან. არ გამოვრიცხავ, მათ შორის, სენატშიც. ეს ჩვეულებრივია, ვიღაც ვიღაცის ლობისტია, ზოგი ფარული და ა.შ და განცხადებები იქნებოდა, თუმცა 21-ე საუკუნეში ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ 2024 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი, გამორიცხულია პოლიტპატიმრები ჰყავდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ იქნებ შემდგარიყო შეთანხმება, თუმცა, იქვე ვამბობდით, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არიან ჯგუფები, რომელთა ინტერესში არ არის, რომ მოლაპარაკებები შედეგით დამთავრებულიყო. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” ბოკერიასთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ, თუ იქნება ჩვენი პარტნიორების მცდელობა ან ინიციატივა, კიდევ ერთხელ დავსხდეთ, რეფორმაზე ვისაუბროთ, ხარვეზებზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და რაც იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო”,- განაცხადა ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს