ბადრი ჯაფარიძე - მედიატორების წინადადებები, მათ შორის 20 ივნისის საქმეების ამნისტია, ოპოზიციისთვის მისაღები იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ისინი გამოშიგნა, გააცამტვერა, შინაარსი დააკარგვინა

"ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების მხრიდან წარდგენილი ყველა წინადადება, გარდა რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის საკითხისა, „ლელოსთვის“ მისაღები იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთავაზებები „გააცამტვერა და შინაარსი დააკარგვინა“.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზა, რომელიც მედიატორებმა შესთავაზეს, ვითარებას ვერ განმუხტავდა, თუმცა ამაზე მუშაობა შესაძლებელი იყო.

„მედიატორებმა წარმოადგინეს წინადადებები ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რომელიც მონიშნული იქნა შარლ მიშელის მიერ. იმ წინადადებებს, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ჩვენ ვეთანხმებით. ერთი საკითხი იყო დარჩენილი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხებოდა. მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი, ჩვენი აზრით, არ იყო ისეთი, რომელიც განმუხტავდა ვითარებას და აქ შეგვეძლო გვემუშავა. რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის ნაწილში არ გვქონდა თანხმობა. დანარჩენი საკითხები, მოდელი, რომელიც მედიატორთა ჯგუფმა წარმოადგინა, ვადასტურებ, რომ ჩვენთვის მისაღები იყო. „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ეს წინადადებები, გამოშიგნა, შინაარსი დააკარგინა, გააცამტვერა, ფუნდამენტური შემოთავაზებები, ძალიან საინტერესო, რომელიც ყველა მიმართულებით რეფორმირების საშუალება მოგვცემდა, კოსმეტიკურ ცვლილებებამდე დაიყვანა და პრაქტიკულად დააკარგინა შინაარსი. ამის გამო შეწყდა მოლაპარაკება. როდესაც მეიდატორებისთვის ნათელი გახდა, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა, საერთო აღარ ჰქონდა მიშელის მიერ ინიცირებულ პროცესთან, შეწყდა მოლაპარაკებები. „ქართულმა ოცნებამ“ გაანულა შემოთავაზებები, რომელიც მედიატორებმა გააკეთეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არ ეთანხმება „ლელო“ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ჯაფარიძე ამ ინიციატივას თვალთმაქცურს უწოდებს.

„40%-იანი ზღვარი რატომ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან შეთავაზებად. თუ ვსაუბრობთ, რომ თუ 50%-ს პლიუს 1 ხმა სურს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაშინ ეს უნდა ჩატარდეს, ამის არჩევების შედეგის 40%-თან მიბმა რა ლოგიკაა, გარდა იმისა, რომ შექმნა ილუზია, ვითომ რაღაც წინადადება გაქვს. თვალთმაქცური წინადადებაა, ვითომ იმის გათვალისწინება ხდება, რომ საზოგადოებაში მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ კრისტიან დანიელსონის წინადადებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია მომხდარიყო, „ლელო“ ეთანხმება.

„ჩვენ ამას ვეთანხმებით. შემოთავაზება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, რომელიც იყო მედიატორებისგან, სანამ მას გაანადგურებდა „ქართული ოცნება“, იყო მისაღები ოპოზიციისთვის. საკითხი ასე არ დგას, რომ ვადამდელი არჩევნებზე შეუთანხმებლობის გამო სხვა საკითხებზე ვთქვით უარი. ყველა შემოთავაზებულ საკითხზე, „ქართული ოცნებისგან“ უარი ითქვა. ჩვენთვის ასევე მისაღები იყო მედიატორების მიერ პირველადი დოკუმენტით შემოთავაზებული რეფორმირება მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით. ეს „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები არ იყო. ჩვენთვის ასევე მისაღები იყო სასამართლო რეფორმაზე შემოთავაზება, „ქართული ოცნებისთვის“ - არა. მათ ეს შემოთავაზება გაანადგურეს. მისაღები იყო ხელისუფლების განაწილების პრინციპი, „ქართული ოცნებისთვის“ არა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელს არ კრავს და მისი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში გაიზრდება.

„ჩვენ შიშის საფუძველი არ გვაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს კრავს. ინფორმაცია, როგორც იქცეოდა „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების პროცესში, რომ არანაირი რეფორმირებისთვის მზად არ არის, ეს ცნობილია ბრიუსელისთვის, ამას მედიატორი ჩაიტანდა. ევროკავშირის ჩართულობა გაიზრდება, ასევე ველოდები შეერთებული შტატების ჩართულობის გაზრდას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, როგორც ჯაფარიძე აცხადებს, აქციამდე დრო გამოყენებული იქნება ამომრჩევლის ინფორმირებისთვის.

„დებატები იყო შიგნით ოპოზიციაში. ვფიქრობ, შეთანხმება არის ისეთი, რომ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოსახლეობამდე მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ ვითარებასა და გამოსავლის გზებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვაზე. უნდა ვიმუშავოთ ჩვენს ამომრჩეველთან და ვიზრუნოთ იმაზე, რომ საზოგადოობა გაცნობიერდეს, რათა არ არსებობდეს რაიმე კითხვის ნიშანი, რომ მართლაც სურს ოპოზიციას ვითარების განმუხტვა, თუ ეს კრიზისი ხელოვნურია. ეს კრიზისი ძალიან ღრმაა. ეს ორი თვე არ განიავდება, გამოყენებული იქნება ჩვენი ამომრჩევლის ინფორმირებისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს