ანა დოლიძე პრეზიდენტს - მიანიჭეთ დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დათა ვანიშვილს სამოქალაქო თავდადებისთვის ორდენი მიანიჭოს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„მინდა მივმართო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს - მას დღეს შეუძლია დანიშნულებისამებრ, სასარგებლოდ გამოიყენოს ის ერთ-ერთი მცირე უფლებათაგანი, რომელიც მას დარჩა. ეს უფლება ეხება ორდენებისა და ჯილდოების მინიჭებას. დღეს დაასაფლავეს ჩვენი ანტისაოკუპაციო ძალის სიმბოლო, ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანად, კეთილგონიერებით, სტუმართმოყვარეობით შეინარჩუნა მეხსიერება საოკუპაციო ხაზთან, შეინარჩუნა ქართველობა და ქართული ღირსება. ვგულისხმობ დათა პაპას, ანუ დათა ვანიშვილს. ეს არის მოხუცი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაგვითქვა სახელი იმ მავთულხლართებთან, რომელიც ყველას გვტკივა და ეს ტკივილი დათა პაპამ ყველას გააცნო. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. მართლაც, ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, რადგან ის იყო ამ ანტისაოკუპაციო მეხსიერების სიმბოლო. დღეს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ მას პატივი მივაგოთ. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, თქვენ შეგიძლიათ დათა პაპას გარდაცვალების შემდგომ მიანიჭოთ ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის. ეს ორდენი აქვს ჩვენ სახელმწიფოს და გაიცემა სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ გამოავლინა ისეთი თავდადება, რითაც გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო, თვითშეგნება, თვითმყოფადობა და კულტურა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მართალია, სიმბოლური, მაგრამ რაღაცით ხაზი გაესმება ასეთი ადამიანების ღვაწლს ჩვენი ერის წინაშე. ვფიქრობ, კარგი დრო იქნება, რომ თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ დავუფასოთ ღვაწლი. ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის ნამდვილად ეკუთვნის დათა პაპას და მის ოჯახს. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, რომ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა