აქტივისტი - სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველი საქართველოს დროშას მივარდა, მოგლიჯა და მიაგდო, რის გამოც სამსახურიდან უნდა იყოს გათავისუფლებული

სამოქალაქო აქტივისტები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ.მათი განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცველი სახელმწიფო სიმბოლიკის, საქართველოს დროშის მიმართ მტრულ განწყობას გამოხატავს.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, გმირების საფლავებზე დებენ პირობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს პასუხისგებაში მისცეს ის სამართალდამცველი, რომელმაც შებღალა სახელმწიფო სიმბოლიკა.

მისივე თქმით, სამოქალაქო აქტივისტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღნიშნულმა სამართალდამცველმა თანამდებობა დატოვოს.

„ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან, სამართალდამცველი როგორ ექცევა საქართველოს დროშას. მივარდა, მოგლიჯა და მიაგდო - სიტყვებიც არ მყოფნის, ასეთი დამოკიდებულება სამართალდამცველის მხრიდან სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ არის ცალსახად მტრული განწყობით განხორციელებული. ეს ადამიანი აუცილებლად უახლოეს დღეებში და საათებში უნდა იყოს სამსახურიდან გათავისუფლებული და მის მიმართ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება, ვინაიდან, ჩვენს კანონმდებლობაში სიმბოლიკის შებღალვა ისჯება და ეს არავის არ შერჩება. ჩვენ, "მოძრაობა საქართველოსთვის" აქ, ძმათა სასაფლაოზე ამოვედით იმისთვის, რომ პატივი მიგვეგო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სწორედაც, რომ დროშის დაცვის გამო თავი გასწირეს. მაგალითად, ანწუხელიძემ და ტატუნაშვილმა არ დააბიჯეს დროშას და ეს ადამიანები ამიტომ გასწირეს სასიკვდილოდ ჩვენმა მტრებმა და ამ დროს, როდესაც ჩვენი მოქალაქე, სამართალდამცველი ასე იქცევა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს - ეს არის კატასტროფა. ჩვენ, "მოძრაობა საქართველოსთვის" და ზოგადად აქტივისტები ვდებთ პირობას, რომ თუ უახლოეს დღეებში ეს ადამიანი არ იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული და არ იქნება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმე დაწყებული, ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ვაიძულოთ სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. არ მოვერიდებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირებას, არც გზის გადაკეტვას“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა