თამარ გაბუნია - კითხვის ნიშნები, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კითხვის ნიშნები, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს.

როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ბაზისური მოთხოვნაა, რომ ყველა კლინიკაში ანტიშოკური მედიკამენტების ნაკრები არსებობდეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც საკუთარი განცხადებით ეს ამბავი კიდევ ერთხელ აღნიშნა.

„ის, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ნებისმიერმა ვაქცინამ გამოიწვიოს, დიდი ხანია ცნობილია, ამდენად, ბაზისური მოთხოვნა, რაც ვაქცინაციის პროგრამების წინაშე დგას, არის ის, რომ ყველას აქვს ანტიშოკური მედიკამენტების ნაკრები. იმის შესახებ, რომ ადრენალინი და სხვა ანტიშოკური მედიკამენტები უნდა არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მედპერსონალი ინფორმირებულია. ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ეს ამბავი. გარკვეულწილად მეტად გაშლილი იყო იმუნიზაციის პროცესი ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში - იყო სპორტულ დარბაზებში, კათედრალებში, რათა დიდი რაოდენობით მოსახლეობა მოეცვათ. ეს ასუსტებს პასუხის შესაძლებლობას სამედიცინო სფეროს მხრიდან. ბევრად უფრო უსაფრთხოა, თუ ეს ჰოსპიტალურ სექტორში ხდება და ამიტომ, ჩვენი იმუნიზაციის პროგრამაც უკვე გადაეწყო სრულად იმუნიზაციის სექტორზე. ამბულატორიულ პირობებში ვაქცინაცია დიდი ხანია ტარდება და ჩატარდება სხვა ვაქცინაციისთვის, მაგრამ, რადგან განსაკუთრებულ გარემოებებზე ვსაუბრობთ, მაინც გაგრძელდება მრავალპროფილურ კლინიკებში.

ახალციხის კლინიკა სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს, ეს კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის სრულად აღჭურვილია და პერსონალსაც შესაბამისი ტრენინგები გავლილი აქვს. კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს, მაგრამ გადაზღევისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც პროგრამაში იქნება ჩართული, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იქვე იყოს. ესაა ჩვენი მთავარი პირობა დღეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად გამოიწვია ახალციხეში მოხდარი ფაქტი ნამდვილად ვაქცინაციამ.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რეალურად დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც მოხდა. რამდენად გამოიწვია ეს ვაქცინამ. ამაზე მოკვლევა მიდის. გარკვეული დრო სჭირდება ყველა სტრუქტურას, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს