გრიგოლ გეგელია - თუ მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდება, ამას შეუქცევადად ნეგატიური ეფექტი ექნება ევროინტეგრაციაზე,  ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებაზე

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თუ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდება, ამას შეუქცევადად ნეგატიური ეფექტი ექნება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებაზე.

მისი თქმით, ამ ვიზიტის გზავნილი ნათელია - საქართველომ რაც შეიძლება დროულად უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა.

„ევროპული კავშირი მაღალი ნდობით აღჭურვილ კრისტიან დანიელსონს კიდევ ერთხელ აგზავნის იმისთვის, რომ მედიაციის საშუალებით კრიზისი გადაიჭრას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას, მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რადგან არსებული ვითარება ვნებს საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიც არის ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის სტაბილურობა, რეგიონულ სტაბილურობაში საქართველოს როლი. მითითება ძალიან ნათელია, საქართველომ რაც შეიძლება დროულად უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, წინა მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ამჯერად „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას უნდა შეეცადოს.

„თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი ამ მედიაციის გზით ვერ შეძლებს კრიზისის გადაჭრას, სამწუხაროდ, ამას შეუქცევადად ნეგატიური ეფექტი ექნება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებაზე და ბუნებრივია, სტაბილურობაზე. იმ ფონზე, რომელშიც ჩვენ რეგიონში ვიმყოფებით, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდეს კრიზისის გადაჭრის სულისკვეთებით, განსხვავებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდისგან, როდესაც მოწადონებული არ იყო, რომ კრიზისი გადაჭრილიყო. მან ყველა ძალისხმევა გამოიჩინა იმისთვის, რომ მედიაციის პირველი ფაზა ჩავარდნილიყო. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ყველა საკითხის მიმართულებით უკან გადაგა ნაბიჯი იმ მნიშვნელოვანი შეთანმხმებებიდან, რაც დანიელსონმა მოლაპარაკებების მაგიდაზე მოიტანა“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო