უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ყველა შესაბამისი რეგულაცია, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და შესაბამისად, შეზღუდვების ხელახლა დაწესების საფუძველი არ გახდეს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია; 25 მარტიდან, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება ვაქცინის დამატებით დოზებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

ამასთან, როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

ამასთან, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 278 178 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 270 668 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 714 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 203 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 179 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 467 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს