ირაკლი ბენდელიანი - ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.

„როგორც იცით, გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე გერმანელი სტუმრები, პროფესიით გეოლოგ-ინჟინრები.

მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.

სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე ადგილებზე არსებობდა, ძალაში რჩება“, - აცხადებს ბენდელიანი.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და კვლევის სამუშაოებში ჩაერთვნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს