ლანა გალდავა - საქართველოში ინსტიტუციები ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური მიყურადება და თვალთვალი

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები მიუთითებს, რომ საქართველოში ინსტიტუციები ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური მიყურადება და თვალთვალი. მისი თქმით, უსმენენ მაღალი თანამდებობის პირებს და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ამასთან, გალდავას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

“დღევანდელმა ხელისუფლებამ გავლენების სფეროების კრიმინალურ გადანაწილებას და ჩადენილი დანაშაულების ერთმანეთზე გადაბრალებას ქვეყნის საუკეთესო ინტერესები გადააყოლა. საბანაძის გზავნილის მთავარი ადრესატები, რაც მარტივად იკითხება მის ტექსტში, არიან პრემიერი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე. შეიძლება ითქვას, რომ საბანაძეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ჩანაწერების ავთენტურობა და სისწორე. სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში საჭიროა. ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები კი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური მიყურადება და თვალთვალი, უსმენენ მაღალი თანამდებობის პირებს და ცხადია, გვისმენენ ჩვენ - ოპოზიციის წარმომადგენლებს. ერთადერთ გამოსავლად დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისთვის და პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად რჩება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადატვირთავს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ყოველდღიურ ძიძგილაობაში არ დავკარგავთ სახელმწიფოს”, - განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო