წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახლად დანიშნული დესპანი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში რეგიონს ეწვია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახლად დანიშნული დესპანი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში რეგიონს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დანიელ მაქსვინი (Mr Daniel Mac Sweeney) პირველია, ვინც ორგანიზაციაში ამ პოზიციას იკავებს.

„დანიელ მაქსვინის მისია უპირველესად ემსახურება 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული 2300-ზე მეტი ადამიანის ხვედრის დადგენის მიზნით სამომავლო სამუშაოს ხედვების შემუშავებას. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაზე ვრცელდება ორი საკოორდინაციო მექანიზმის მანდატი, რომლებიც ერთი მხრივ, ქართველ და აფხაზ, ხოლო მეორე მხრივ - ქართველ, რუს და ოს მონაწილეებს აერთიანებს.

დღეისათვის მოხერხდა 192 პირის ნეშტის ამოცნობა და ოჯახებისათვის გადაცემა. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებსაც გაეწიათ მნიშვნელოვანი დახმარება. ბატონი მაქსვინი შეისწავლის და მიმოიხილავს ამ მიმართულებით უკვე დაგროვილ გამოცდილებას და შეეცდება ეს პრაქტიკა დანერგოს კავკასიაში სხვა კონფლიქტების შედეგად ათასობით გაუჩინარებული ადამიანის მოსაძიებლად.

დესპანის ამ პოზიციის შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახებისათვის პასუხების მოძიების მიზნით გაწეული ძალისხმევა, ასევე ადასტურებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მზაობას, ხელი შეუწყოს შესაბამისი მხარეების ჩართულობას და დაეხმაროს მათ ეფექტური სამომავლო გზების მოძიებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

მარტიდან ივნისის ჩათვლით ბ-ნი მაქსვინი ეწვევა თბილისს, სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს. დესპანი ანგარიშვალდებულია წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის წინაშე ჟენევაში“, - აღნიშნულია წითელი ჯვრის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა