გრიგოლ გეგელია - აშშ-ის სენატში “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ

აშშ-ს სენატში დღეს “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა გზას უხსნის რუსეთის გამარჯვებას; საქართველოს, როგორც სერიოზული და სტაბილური პარტნიორის იმიჯის "საბოლოო დასამარებას და ქართული საკითხის ჩაძირვას მსოფლიო დღის წესრიგიდან".

“აშშ სენატში საქართველოს კრიზისის შესახებ გამართული მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კრიზისის გადაჭრა წარმოადგენს ჩვენი პარტნიორების უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. აშშ-ს სენატში დღეს “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ. პოლიტიკურად მოტივირებული და ჩამოშლილი მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიის განუხორციელებელი რეფორმა, დამონებული სასამართლო, რომელსაც სენატში ღიად უწოდებენ კლანს, ზეწოლა ამომრჩეველზე, სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზების აღრევა, დემოკრატიის უკუსვლა და ოლიგარქის გავლენის ზრდა სასამართლოსა და მედიაზე, პოლიტიკურ ლიდერთა პატიმრობა - “ქართული ოცნების” პოლიტიკის ამ შედეგებს სენატი ღიად აფასებს, როგორც რუსეთის გამარჯვებას. ეს არის სრულიად მკაფიო და მწვავე შეფასება საქართველოს უმთავრესი საგარეო პარტნიორისგან, რომელსაც ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არის საქართველოს დამარცხება და რუსეთის გამარჯვება. “ქართული ოცნების” მისამართით სენატის გზავნილი ნათელია. ისტორიის წამზომი ჩართულია, საქართველო ახლა აკეთებს სასიცოცხლო არჩევანს ერთი მხრივ დასავლეთს, ევროინტეგრაციასა და სტაბილურობას, მეორე მხრივ კი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას, ქვეყნის იზოლაციასს და მზარდი რუსული საფრთხის გამარჯვებას შორის. გამოსავალი ნათელია, ეს არის მედიაციის გამარჯვება, რაც უნდა გახდეს ახალი ეროვნული თანხმობის საფუძველი. მაგრამ, დღეს ამ პროცესს მიზანმიმართულად უშლის ხელს “ქართული ოცნება”, რომელმაც ყველა ზომა იხმარა იმისათვის, რომ მედიაცია წარუმატებელი ყოფილიყო. სენატის მითითება სრულიად ნათელია, ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები, მოლაპარაკების მაგიდის აყირავების პრაქტიკა, იმისათვის რომ იზეიმოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა. ჩვენ მზად ვართ ქართული დემოკრატიის გამარჯვებისთვის, საქართველოს საგარეო და ეროვნული ინტერესების გამარჯვებისთვის. ამასობაში, ქართული ოცნების პოლიტიკა გზას უხსნის რუსეთის გამარჯვებას, საქართველოს როგორც სერიოზული და სტაბილური პარტნიორის იმიჯის საბოლოო დასამარებას, ქართული საკითხის ჩაძირვას მსოფლიო დღის წესრიგიდან. ეს ისტორიული კვირები გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა საქართველო, როგორც ევროპული მომავლის ქვეყანა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლების მზაობას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოს მედიაციის წარმატებას, რომელსაც იგი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად უშლიდა ხელს", - აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო