ლევან იოსელიანი - სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ - „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა

ამ მოსმენის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

იოსელიანის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება.

„სენატორების განცხადებებმა ის შთაბეჭდილება გამიღრმავა და გამიმყარა, რასაც აქამდეც ვამბობდი, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა და გადაჭრის პერსპექტივა ჩვენს მეგობრებს ადარდებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფა და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება. სინამდვილეში, ამ მოსმენის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს, საქართველოში სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ეს იყო ჩემი აზრით, მთავარი გზავნილი, რასაც ჩვენი მეგობარი ამერიკელები ჩვენგან ელოდებიან.

ჩვენგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური. ამჯერად მაინც, როცა ბატონი დანიელსონი საქართველოში ჩამობრძანდება, ახლა მაინც უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი პარტიული და პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ და არა პარტიებს, არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. დღეს გვაქვს მართლა უნიკალური შანსი და შესაძლებლობა ამ შეთანხმების ფარგლებში დავიწყოთ რეალურად სასამართლოს რეფორმირება, პარლამენტში ოპოზიციისთვის ისეთი ინსტრუმენტების გადაცემა, რომელიც ოპოზიციას რეალურად ჩართავს გადაწყვეტილებების მიღებაში და მთელი რიგი ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ქვეყანას წასწევს წინ. ამის შესაძლებლობა დღეს, ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. სენატშიც გაესვა ხაზი, რომ პასუხისმგებლობა ამ საკითხებზე აქვს ორივე მხარეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემა რომ არის პრობლემური, ეს აღიარებულია.

„ეს ის საკითხია, რომლის გადასაწყვეტად არსებობს შესაძლებლობა და მზაობა. შემთხვევითი არ იყო, თითქმის ყველა გამოსვლელის სიტყვაში მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები. იმიტომ რომ ამ ხარვეზმა გამოიწვია ის შედეგი, რაც გვაქვს. არც პოლიტიკურ კრიზისს მივიღებდით და არც მელია იჯდებოდა საპატიმროში, სხვა ტიპის მოვლენების განვითრება იქნებოდა. თუ ეს გაჯიუტება გაგრძელდება და გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, აღარ გაიდაიჭრება, ამით ვინ დაზარალდება? ხელისუფლება, ოპოზიცია? ამით დაზარალდება ქვეყანა. თუ ეს ფინანსური პაკეტი შეჩერდება, სამოქმედო პაკეტში თუ შეფერხება იქნება, ამით დაზარალდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ევროატლანტიკური პერსპექტივა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ რას ვეთამაშებით“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

იხილეთ ვიდეო:ლევან იოსელიანი - სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ - "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სათავისო გზავნილები ამოკრიფა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს