ნაზი ჯანეზაშვილი იმ ხუთ საკითხს ასახელებს, რომელიც სასამართლოს რეფორმის დასაწყებად აუცილებელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ ხუთ საკითხს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, სასამართლოს რეფორმის დასაწყებად და პირველი რიგის საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია.

როგორც ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლოს განახლება სჭირდება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაა.

„განცხადებები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთდა, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სასამართლოსთან მიმართებით, მიუთითებს იმას, რომ საქართველოს სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები და განახლება. რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, არ იყო შედეგიანი და მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რაც გვაქვს. საზოგადოებას და თუნდაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვთავაზობ ფუნდამენტური მნიშვნელობის ხუთ საკითხს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლოს რეფორმა დაიწყოს და პირველი რიგის საკითხები გადაიჭრას.

პირველი არის კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება. ვერ წარმომიდგენია სასმართლოს განვითარების პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოში ლიდერებად დარჩებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვა ის პირები, რომლებმაც მიგვიტანეს ის მძიმე შედეგები, რაც სასამართლოშია. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან და განახლდეს.

მეორე - სასამართლოს ნეპოტიზმისგან გათავისუფლება, როგორც აპარატის, ასევე მოსამართლეების დონეზე. არ შეიძლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ნეპოტიზმის პრაქტიკით დახუნძლული იყოს.

მესამე - საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი, ვინაიდან ყევლაზე მთავარი მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ისაა, როგორ მიდის ესა თუ ის საქმე მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა, ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს გადახედვას და საკანონმდებლო ცვლილებებს. არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა.

მეოთხე - საქმეთა გაჭიანურება. მოქალაქეები დადიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ შედეგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეთა განაწილების პრინციპის შემდგომ გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები.

მეხუთე - ბოლო, უმნიშვნელოვანესი საკითხი, ესაა მთლიანად სასამართლო სისტემის მოწყობა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარე. ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და არის თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური. დღევანდელი სასამართლო სისტემა უნდა გადაიხედოს ორგანიზაციულად, მენეჯმენტი დაიხვეწოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. დღეს ეს ასე არ არის“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო